გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების თემაზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

20 დეკემბერი 2021

2021 წლის 20 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საემიროების საელჩომ საქართველოში, საქართველოს ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან კოორდინაციით,  თემაზე -  „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოში“ ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა, მაკა ფერაძემ წარმოადგინა მოკლე ექსკურსი ადამიანის უფლებათა სამდივნოს ძირითადი ამოცანებისა და მიმდინარე პროექტებისა და გეგმების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობისა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და სხვა საკითხებში.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებში და ქვეყნის წვლილი ქალთა საკითხებზე ორიენტირებულ ჰუმანიტარულ პროექტებში, ასევე ქვეყნის დონაციები, რომლებიც მიმართულია გენდერული თანასწორობისა და ქალთა მხარდასაჭერად.