რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

22 დეკემბერი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი, მაკა ფერაძე უძღვებოდა.

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2021 წლისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. დოკუმენტის მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებზე დაყრდნობით, გამოკვეთოს ის პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიებები, რომელიც 2021 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რამდენიმე წელია, ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდრებს, დაიწყო ძველი აღთქმის წიგნების ბეჭდვა, ასევე, ეხმარება თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სააგენტოს აქტივობები ამ კუთხით კვლავაც გაგრძელდება.

ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.