საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

13 დეკემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა (OHCHR) და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და უთანასწორობის შემცირების საკითხებს.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების შეფასებისთვის დისკუსიის სივრცის შექმნა.

ნიკო თათულაშვილმა აღნიშნულ ფორუმზე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო ერთერთია იმ უმცირეს ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დააყენა და მასზე მომუშავე სისტემური მექანიზმი ჩამოაყალიბა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას. მან განმარტა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე თანამშრომლობას და კოორდინაციას.

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა დისკუსიისას ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან, სხვა საკითხებთან ერთად, მიმოიხილა ის აქტივობები, რომლებიც მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ისეთ ასპექტებზე, რომლებიც მიიღწევა ბიზნეს განათლებისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის უზრუნველყოფით, მათ შორის სოფლის მეურნეობაში და აგრობიზნესში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა მონაწილეობის გაზრდით და სოფლის განვითარებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფით.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა მეორე ეროვნული სტრატეგია გაითვალისწინებს კონკრეტულ ამოცანებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევისთვის. შემდგომ კი ეს ამოცანები გაიწერება კონკრეტულ აქტივობების სახით სამოქმედო გეგმაში.

ადამიანის უფლებების ფორუმის ფარგლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეჯამებინათ მიმდინარე წელი და გაეზიარებინათ სამომავლო გეგმები.