ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა

02 აპრილი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ძალისხმევით, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ქალთა ისტორიის თვე აღინიშნა.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლასა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში, UNFPA მხარდაჭერით გაიხსნა „თანასწორობის კუთხე“, გაიმართა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის, დინა ოგანოვას ფოტოპროექტის „გოგონები მომავლიდან“ ფოტოგამოფენის ჩვენება და შეხვედრა შედგა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან.

„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. „თანასწორობის კუთხე“ საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის იდეის შესახებ. გურიის სკოლებში „თანასწორობის კუთხეების“ გახსნის პარტნიორები არიან „სილქნეტი“ და გამომცემლობა „პალიტრა L”.

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა საბჭოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიასა და ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში უდიდეს დატვირთვას ატარებს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საზოგადოების, მათ შორის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობის საკითხები.