გენდერული თანასწორობის წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა

30 დეკემბერი 2019

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დიდი ნაწილი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მონიტორინგის მექანიზმის და GREVIO-ს ანგარიშის წარდგენის მომზადების განხილვას მიეძღვნა.

პროცესს უძღვებოდა GREVIO-ს ყოფილი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ოჯახში ძალადობის ინტერვენციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (ავსტრია) და ევროპული ქსელის (WAVE) დამფუძნებელი, ქ-ნი როზა ლოგარი.

„საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა სტამბოლის კონვენციის აღსრულების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ ქვეყანამ უკვე დაიწყო მუშაობა პირველ ანგარიშზე, რომელიც მომავალ წელს უნდა წარადგინოს. ბევრ ქვეყანას არ ააქვს ისეთი ძლიერი ეროვნული მექანიზმი ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს“ - აღნიშნა ქალბატონმა როზამ.

შეხვედრაზე უწყების წარმომადგენლების მოხსენებებზე დაყრდნობით შეჯამდა 2019 წელი და დაიგეგმა მომავალი წლის სამუშაო მიმართულებები.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიხედვით, გენდერული თანასწორობის კომისია ცხრა ამოცანაზე იმუშავებს. შეხვედრას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის აპარატის; საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს; მთავრობის ადმინისტრაციის; პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს; საჯარო სამსახურის ბიუროს; სახალხო დამცველის ოფისის; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; პრობაციის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; საქართველოს გენერალური პროკურატურის; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; სოციალური მომსახურების სააგენტოს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის; სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფოს ფონდის; იურიდიული დახმარების სამსახურის; გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის 2020 წლის ამოცანები: ბავშვობის ასაკში ქორწინება და სხვა მავნე პრაქტიკები; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება; სექსუალური შევიწროების პასუხისგების მექანიზმის დანერგვა; გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემის შეგროვების უნიფიცირებული მიდგომები; გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები; ქალებზე,  მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელება; გენდერული ბიუჯეტირება; თანამშრომლობა და კოორდინაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან.