მოკლედ უფლებების შესახებ

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე. 

ადამიანის უფლებებს რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვის, ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზით, ინდივიდუალური უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება. 

ადამიანის უფლებათა განმსაზღვრელ თანამედროვე კონვენციებს და დეკლარაციებს წინ უძღოდა ისეთი ისტორიული დოკუმენტების მიღება, როგორებიცაა ინგლისის თავისუფლებათა დიდი ქარტია (1215 წ.) და უფლებათა ბილი(1689 წ.), საფრანგეთის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789 წ.), ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (1787 წ.) და უფლებათა ბილი (1791 წ.). 

დღეისათვის, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები აღიარებული და უზრუნველყოფილია არაერთი საერთაშორისო კონვენციით და დეკლარაციით, მათ შორის, გაეროს 1948 წლის 10 დეკემებრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროპის საბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, ევროპის საბჭოს 1961 წლის 26 თებერვლის ევროპის სოციალური ქარტიით; 1966 წლის 16 დეკემბერს მიღებული გაეროს ორი პაქტით - “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” და “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების” შესახებ. 

ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციები, ადამიანის უფლებებს აღიარებს და უზრნველყოფს საქართველოს კონსტიტუციაც (2017 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით). კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის თანახმად, “სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს”. 

კონსტიტუციით მეორე თავით დაცულია: 

კონსტიტუციით აკრძალულია სიკვდილით დასჯა. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

კონსტიტუცია უზრუნველყოფს ადამიანთა თანასწორობას: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

კონსტიტუციით გარანტირებულია საპროცესო უფლებები: 

კონსტიტუცია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას. დაცულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის უფლება და თანასწორი საარჩევნო უფლებები.